შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
