პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, როინ შავაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა მოწოდებული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ ეწამებინათ, ეტანჯათ საქართველოს მოსახლეობა.
უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სასამართლოზე გაკეთებული განცხადება აჩვენებს პირადად მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს.
„ძალიან მიმძიმს რაიმე შეფასების გაკეთება, როდესაც ქართული სასამართლოების თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე ჩვენ ვისმენთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს. ასევე ამყარებს კიდევ ერთხელ ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც პირადად, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული, მაგრამ მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა იყო მოწოდებული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს საბურველივით მოერგოთ საკუთარ თავზე მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება. შეუძლებელია სხვა რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს, მაშინდელ მოქმედ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
