დღეს, როდესაც თითქმის ყოველწლიურად ახალი ომების გაჩენის მომსწრენი ვხდებით, საჭიროა, გავითვალისწინოთ აზერბაიჯანის წარსული გამოცდილება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ინტერკულტურული დიალოგის მე-7 მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანის მიერ შექმნილი პრეცედენტების გამოყენება, შესაძლოა, ღირებული იყოს გარკვეული კონფლიქტების მოსაგვარებლად.
„ომის დაწყება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი დასრულება ძალიან რთულია, ისევე როგორც გამარჯვება. ამიტომ, ვფიქრობ, აზერბაიჯანის გამოცდილება – როდესაც ჩვენ ომი მოვიგეთ, ეს ომი სამართლიანი იყო, დამარცხებული მხარე კაპიტულაციას დათანხმდა და ამის შემდეგ ჩვენ უფრო შორს აღარ წავსულვართ, დროულად შევჩერდით და მშვიდობა შევთავაზეთ – ეს გამოცდილება უნდა შეისწავლონ მათ, ვინც ამჟამად ომებშია ჩართული“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით: „ორმაგი სტანდარტები საერთაშორისო პოლიტიკაში სრულად უნდა აღმოიფხვრას“. მისივე თქმით, ეს მიდგომა უნდა აისახოს არამხოლოდ სხვადასხვა ომისა და კონფლიქტის საკითხების განხილვისას.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია, საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის არსებობაა. დღესაც იგივე ვითარებას ვხედავთ: ამბიციები, აგრესია, უპირატესობის განცდა და რწმენა, რომ არ დაისჯები იმის გამო, რასაც იმ ადამიანებს უკეთებ, რომლებსაც თავს დაესხი. არ მინდა, ზედმეტ დეტალებში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აღსრულების მექანიზმი უნდა იყოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ 30 წლის განმავლობაში ასეთ ვითარებაში ვიმყოფებოდით. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო ოთხი რეზოლუცია, რომლებიც აზერბაიჯანის მიწების გათავისუფლებას მოითხოვდა. ეს რეზოლუციები არ შესრულებულა. არ არსებობდა მათი აღსრულების მექანიზმი. სომხეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. დღეს კი სანქციებს ვხედავთ. როდესაც ირგვლივ ვიყურებით, როდესაც აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით ვიხედებით, ვხედავთ, რომ ასობით სანქციაა დაწესებული, მაგრამ სომხეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. ეს ორმაგი სტანდარტების საკითხია. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ბრძოლას ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ორმაგი სტანდარტების გამო ზარალი მივიღეთ და მათი გავლენა დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, დღევანდელი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვა „ტანჯვა“, შესაძლოა, ზედმეტად მკაცრი იყოს. სინამდვილეში, ეს ტანჯვა აღარ არის, რადგან ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა და ჩვენს მიწაზე თავისუფლად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა საერთაშორისო პოლიტიკიდან სრულად უნდა აღმოიფხვრას. ჩვენს საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა“, – აღნიშნა ალიევმა.
