ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ საგამოძიებო ჯგუფს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდა.
თინათინ ხიდაშელი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.
თავდაცვის მინისტრს აფრიკიდან საგამოძიებო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ანა ტაბიძემ მიაწოდეს. მათი განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასულ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე კეთილგანწყობით დახვდნენ. აღსანიშნავია პოზიტიური დამოკიდებულება საგამოძიებო ჯგუფის მიმართაც, რომელიც გენდერული თვალსაზრისით სათანადოდ არის დაკომპლექტებული და მის შემადგენლობაში პროკურორებთან ერთად ფსიქოლოგიცაა.
ელჩის და საგამოძიებო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, საქართველო არსებული ბრალდებების საპასუხოდ გამოძიების დროულად წარმართვისთვის დადებით შეფასებებს იღებს როგორც ცენტრალური აფრიკის მთავრობისგან, ისე გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან. გაერო მზად არის, საქართველოს მის ხელთ არსებული გამოძიების მასალები სრულად მიაწოდოს.
ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგა და საგამოძიებო პროცესებს ამ წუთებშიც აქტიურად აწარმოებს.
საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრები არიან ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი. თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას უწევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.