5 ნოემბერს, ევროპაში 25-ზე მეტ თვითმფრინავს ბომბის აფეთქებით დაემუქრნენ. სხვადასხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მიფრინავდნენ, იძულებულნი გახდნენ მარშრუტი შეეცვალათ, გამცილებელი ესკორტით ეფრინათ ან ავარიულად დაშვებულიყვნენ.
ევროკომისარმა ტრანსპორტის და ტურიზმის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა განაცხადა, რომ ამ მუქარებს შორის რაიმე კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ეს შემთხვევები ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმების ზრდის ფონზე ხდება.
ბევრი მგზავრისთვის ევროპაში დღევანდელი მოგზაურობა დანიშნულების ადგილის გაურკვევლობით დაიწყო – მათ არ იცოდნენ, სად მოუწევდათ საბოლოოდ ჩაფრენა.
ბომბის აფეთქების მუქარის სამიზნე პრაღაში 4 თვითმფრინავი გახდა, მადრიდში – 3, ისევე როგორც ბუქარესტში, რომში, ვენასა და ბრიუსელში. მუქარის სამიზნე რამდენიმე ავიაკომპანია იყო – როგორც დაბალბიუჯეტიანი, ისე ეროვნული. რამდენიმე ქვეყანაში ჰაერში ნატოს გამანადგურებლებიც კი აფრინდნენ, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მუქარები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში მგზავრთა ნაწილი სიმშვიდეს ინარჩუნებს, ზოგი კი შეშფოთებას ვერ მალავს.
გაბრიელე ფრანჩეზე: „გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ. ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს. თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება, ვერაფერს გავხდებით. თუ რამე მოსახდენია, მაინც მოხდება“.
ნატალია ლობო, ტურისტი ბრაზილიიდან: „შემაშფოთებელია. ევროპაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია, ზოგადად, საგანგაშოა და აქ ყოფნა შიშის მომგვრელია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის“.
ავიარეისების მონიტორინგის სისტემის მონაცემებით, დუბლინიდან რომისკენ მიმავალი ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ვიდრე საბოლოოდ ევრის (საფრანგეთი) აეროპორტში იძულებით დაეშვებოდა, რამდენიმე აეროპორტის თავზე აკეთებდა წრეებს.
მიშელ პოლაკო, ჟურნალისტი – ავიაციისა და კოსმოსის საკითხების სპეციალისტი: „თვითმფრინავი უახლოეს ხელმისაწვდომ აეროპორტში, ამ შემთხვევაში ევრიში დაეშვა, სადაც სამხედრო აეროპორტია. დაშვებისთანავე საქმეში გამნაღმველები ჩაერთვნენ“.
LOT Polish Airlines-ის რეისის ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ რამდენად მშვიდად განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ადგილზე ოთხფეხა ასისტენტები და გამნაღმველები დახვდნენ.
ავიაკომპანიების დანახარჯები კოლოსალურია. მათ დამატებითი თანხის გადახდა უწევთ როგორც თვითმფრინავების სხვა აეროპორტებში გადამისამართებისთვის, ისე დამატებითი საწვავისთვის. მსგავსი პრობლემები ადრეც ყოფილა, როდესაც აეროპორტებთან დრონების გამოჩენის შემთხვევები დაფიქსირდა, რამაც აეროპორტების დახურვა და რეისების სხვა აეროპორტებში გადამისამართება გამოიწვია. ავიაინდუსტრიას ეს ძალიან ძვირი უჯდება.
ავიაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ბომბის შესახებ მუქარების უმეტესობა იმ ქვეყნებისკენაა მიმართული, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
„საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ევროპაში ჰიბრიდული ომი რეალობაა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. საავიაციო უსაფრთხოების პროცედურები უკვე შემუშავებულია, თუმცა ჰიბრიდული თავდასხმები ავიაციისთვის ახალი გამოწვევაა და მათთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ“.
დანიამ, პოლონეთმა და რუმინეთმა, რომლებიც ცრუ შეტყობინებების გამო დაზარალდნენ, აეროპორტებში შექმნილ ქაოსში ბრალი პირდაპირ მოსკოვს დასდეს.
