არა მგონია, რომ ვიღაცას შეეშინდეს დაფინანსების მოკლების და ამის გამო არ თქვას სიმართლე, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მეუფე იობზე საუბრისას.
მისივე თქმით, მეუფე იობმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას ხელისუფლებისა და სასულიერო პირების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, თავად უნდა განმარტოს, ვის ან რატომ უწოდებს „ჩინოვნიკს“.
„მეუფე იობმა თქვა, რომ სასულიერო პირები დაემსგავსნენ ჩინოვნიკებს, ვინ ან როგორ დაემსგავსა ჩინოვნიკს? ეს თვითონ უნდა თქვას, ვის გულისხმობს და შემდეგ ამხილოს. სახარება გვეუბნება, რომ თუ ძმა არასწორად იქცევა, მიდი და ჩუმად უთხარი, თუ არ შეისმენს, ორ, სამ ადამიანთან ერთად უთხარი და შემდეგ იყოს, შედგა, როგორც წარმართი. პავლე მოციქული ამბობს ასეთ რაღაცას, „ურთიერთსიმძიმენი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული უფლისა“. ეს ურთიერთსიმძიმეც სისუსტეებია ადამიანების, ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის ბოროტებას თავის თავში, ამიტომ ძალიან ადვილია სხვაზე ლაპარაკი, რთულია შენ თვითონ შეასრულო.
როცა ხელისუფლებაზე ვიტყვით, რომ ურწმუნოა ხელისუფლება, ეს ცოტა რთული სათქმელია, რას ნიშნავს რწმენა და რას არა. ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურ რწმენაზე ვილაპარაკოთ, კოლექტიური რწმენა, ვინ როგორია ერთიანობაში, არავინ იცის. ქრისტე მოვიდა ერთი ადამიანისთვის, ერთი ცხვრისთვის და არა ერებისთვის, რადგან ყველასთან ინდივიდუალურად მიდის ქრისტე. ხელისუფლება არ არის ერთი პიროვნება, შედგება უამრავი ადამიანისგან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე ჩინოვნიკი ღრმად მორწმუნე იყოს, ან არ იყოს მორწმუნე, მთავარია მან ხალხის დაკვეთა შეასრულოს და მიჰყვეს კანონის პრინციპებს და ხალხი თუ არის ქრისტიანი, მაშინ ქრისტიანული ფასეულობების დაკვეთა ექნება და ადგება და შეასრულებს“, – აღნიშნა დეკანოზმა.
