გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ფედერალურ, შტატებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი მთავარი სისტემაა, სავარაუდო ჰაკერულ შეღწევას იძიებს. ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნულ კრიმინალურ საინფორმაციო ცენტრზე (NCIC) სავარაუდო ჰაკერული თავდასხმა ბოლო თვეებში FBI-ის სისტემებში შეღწევის უკვე მეორე შემთხვევაა.
NCIC სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქვეყნის მასშტაბით ძებნილი პირებისა და დაკავების ორდერების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, ასევე პირების წარსულის შესამოწმებლად გამოიყენება.
მონაცემთა ბაზაში ბოლო შეღწევის ფაქტი რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, შეამციროს საზოგადოების შეშფოთება ქვეყნის კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის გამო. ბოლო პერიოდში კიბერუსაფრთხოების პრობლემებმა შეფერხებები გამოიწვია საბანკო სექტორში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში.
FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, რომელიც კიბერდანაშაულებრივ ჯგუფებთან დაკავშირებულ გამოძიებებს ხელმძღვანელობდა, შეფასებით, NCIC სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემაა.
„ქვეყნის მასშტაბით პოლიციის თანამშრომლები ყოველდღიურად ეყრდნობიან NCIC-ს, რათა დაადგინონ ძებნილი პირების ვინაობა, შეამოწმონ დაკავების მოქმედი ორდერები და მიიღონ ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს როგორც სამართალდამცველების, ისე საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ჩემი შეშფოთება მხოლოდ ის არ არის, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. ასევე მნიშვნელოვანია, ხომ არ შეძლეს მათ იმ მონაცემების სანდოობის დარღვევა, რომლებსაც პოლიციის თანამშრომლები ეყრდნობიან“, – განუცხადა მან CNN-ს.
