რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ელისეს სასახლეში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩასვლის პირობებს ეხება.
„როგორც ჩანს, დღეს ელისეს სასახლეში მარცხენა ფეხზე ადგნენ. ან, იქნებ, მარცხენა ხელით ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი“, – აღნიშნა ზახაროვმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა მედიას განუცხადა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში გაემგზავრებიან, თუ მოლაპარაკებებში მათ სრულფასოვანი როლი მიენიჭებათ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე წარმომადგენელი დიპლომატიური არხებით მოსკოვში ვიზიტით მიიწვიეს. რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი პოზიციის გარკვევას სამშვიდობო პროცესში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ჯერჯერობით არ აპირებს გაამჟღავნოს, კონკრეტულად ევროპის რომელი წარმომადგენლები მიიწვიეს მოსკოვში.
