შსს-ში ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აშშ-ს ენერგეტიკის ტეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა.
შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრსა და საქართველოს შსს-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ზომების გაუმჯობესებაზე.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღინიშნეს, უკონტროლო ტერიტორიები რადიაციული კონტრაბანდის რისკებს ზრდის, რაც შსს-ს მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე მიმდინარეობს რადიაციის აღმომჩენი მობილური სისტემების მონტაჟი მაღალი გამავლობის მანქანებზე, რაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ რეჟიმში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებისას მოახდინოს რადიაციული ფონის მუდმივი მონიტორინგი.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს ახალ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „კარწახს“ ეწვივნენ და იქ დამონტაჟებული რადიაციული პორტატული მონიტორები დაათვალიერეს.
საქართველოს შსს-ს, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ რადიაციული პორტალებით აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და ფუნქციონირება დაიწყო ეროვნულმა საკომუნიკაციო სისტემამ (NCS); ასევე, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების კუთხით, სპეციალური ტრეინინგები გაიარეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები გამორიცხავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით რადიაციული ნივთიერებების კონტრაბანდის რისკებს და ამცირებს კონტრაბანდისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტის მიზნით გამოყენების საფრთხეს.
„აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარესთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამმხრივი პროექტი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. გვეამაყება, რომ ვმონაწილეობდით სასაზღვრო გამშვები პუნქტი – „კარწახის“ შესაძლებლობების გაზრდაში“, – აღნიშნა ლაურელ კოტონმა.