წელს “თბილისობა” 7-8 ოქტომბერს ჩატარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს თბილისობის მთავარი ლოკაციები „ახალი ტფილისი“, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს. დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„თბილისობა 2017″-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.