„სამწუხაროდ, ფაქტია, რომ იმ პერიოდში კეზერაშვილი და მისნაირი ადამიანები ძალიან საეჭვოდ აკეთებდნენ დიდ ფულს და ამაში, ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან არ მქონდა საკმარისი რეაქცია”, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი თეა თუთბერიძე„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში „კეზერაშვილმა ყაჩაღობითა და ქურდობით იშოვა მილიონები”.
„პრაიმტაიმის” ჟურნალისტის კითხვას, მოქმედებდა თუ არა კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან, თუთბერიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„მე უფრო ასე დავსვამდი კითხვას – ვინ აფარებდა ხელს დავით კეზერაშვილს იმ პერიოდში? მიშას დროს ბევრი სარგებლობდა ხელშეუხებლობის გარანტიით. ვისგან ჰქონდათ მათ ეს გარანტიები, სწორედ ეს არის საინტერესო. მე მაგალითად, იმ პერიოდში ხშირად მსმენია, რომ ბიზნესმენებს კეზერაშვილის ნებართვის გარეშე შაქარიც კი ვერ შემოჰქონდათ ქვეყანაში. კიდევ ბევრი რამე მსმენია და ხშირად მქონია ამ საკითხებზე საუბარი ჩემს მეგობრებთან ყოფილი ხელისუფლებიდან”, – აცხადებს თუთბერიძე.
როგორც თუთბერიძე განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე საუბარი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან არ ჰქონია.
„უშუალოდ სააკაშვილთან არ მქონია საუბარი. როდესაც ის გახდა პრეზიდენტი, ჩვენ – სამოქალაქო სექტორი, საკმაოდ ეფექტურად ვმუშაობდით და ვთანამშრომლობდით მასთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ეს კონტაქტი გაწყდა 2006-2007 წლებში. ამის შემდეგ მას მჭიდრო კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან აღარ ჰქონია, რაც, ცხადია, ართულებდა პრობლემების მიტანას. ამასაც აქვს თავისი ახსნა. არათუ მე, არამედ ხშირად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც კი ვერ ახერხებდნენ შეხვედრას და წარმოქმნილ პრობლემებზე საუბარს, ერთი კონკრეტული მინისტრის ვიზირების გარეშე, მასთან”, – აღნიშნავს თუთბერიძე.
თეა თუთბერიძის განცხადებით, ეს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო:
„ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამაზე მე მისაუბრია და დღესაც მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. უბრალოდ, ამჟამად ის ციხეშია, და რადგან მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ თავს შევიკავებ ამ ეტაპზე ყველაფერზე საუბრისგან. ამის დრო ნამდვილად მოვა. მიშას დანაშაული კი ის არის, რომ მან თავის დროზე უპირობო ნდობა გამოუცხადა გარკვეულ ადამიანებს. და, ასევე, ვერ მოიშორა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც რეალურად თავიანთი საქმიანობით მას ძირს უთხრიდნენ, რასაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა გადაჰყვა. მე პირადად არ ვთვლი, რომ კეზერაშვილის მსგავსი პიროვნება უნდა გყავდეს მთავრობაში მინისტრად. ამ ადამიანისთვის ბაბუამისს რომ არ დაუტოვებია ამდენი მილიონი, ეს ხომ ვიცით. აქ საინტერესო ის არის, ვინ „კრიშავდა” ამ ადამიანს სააკაშვილის დროს”, – განაცხადა თუთბერიძემ.