საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან.
ცნობილია, რომ ისინი სასტუმრო “ბილტმორში” დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.
საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.
ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია – 5, 10, 15 და 25 ლარი.
თქვენი აზრით, ეს მატჩი გულწრფელი საქველმოქმედო აქციაა თუ კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი? – “რეზონანსის” შეკითხვას ფოტოგრაფი იური მეჩითოვი პასუხობს.
“ამაში ყველაფერი ერთად არის, გულწრფელობაც და პირადი ინტერესიც. ამაში ცუდი არაფერია, ორივე ერთად არის და ორივე საქმე მისასალმებელია. სხვამაც შეძლოს და გააკეთოს ასეთი რამე, თუ შეუძლია. ხომ ვერ აკეთებს, ჰოდა, კალაძის საქციელი ჩემთვის ნამდვილად მისასალმებელია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.