ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის MAP-ის მიცემის საკითხს დეკემბერში განიხილავს. ამის შესახებ ამერიკული გავლენიანი გამოცემა Washington Post ანონიმურობის დაცვით ნატო-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
“ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. არსებობს შეთანხმება, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში იმისთვის, რომ ვარშავის სამიტის წინ თავიდან ავიცილოთ დებატები”, – განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველო დეკემბერში MAP-ს მიიღებს.
ამერიკული გამცოემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე ქვეყნები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა, საქართველოსთან შდარებით ნატო-ს მისიებში მინიმალური წვლილი შეაქვს და თბილისს განხორციელებული თავდაცვის სტრუქტურული რეფორმების დონით ჩამორჩება.
Washington Post-ის ინფორმაციით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ალიანსში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები გერმანია და საფრანგეთი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.
ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აღნიშნული პოზიციის გამო იმედგაცრუებულია. ასეთი პოზიცია გულისხმობს, რომ რუსეთს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ კურსზე ვეტოს დადება შეუძლია. “ზედმეტად ბევრი საუბარია რუსეთზე. უფრო მეტად ადარდებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი, და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს ნატო-ს. საქმე ეხება ნატო-ს შესაძლებლობას, შეასრულოს საქართველოსთვის მიცემული დაპირება წევრობის შესახებ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ინტერვიუში.
“2008 წლის მარტში რუმინეთში, ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ უარი თქვეს საქართველოსთვის MAP-ის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ალიანსმა არ გამორიცხა, რომ საქართველო რაღაც ეტაპზე შეუერთდება ნატო-ს. ხუთი თვის შემდეგ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ამან ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას გაუჩინა კითხვა, შეიკავებდა თუ არა კრემლი თავს, საქართველოსთვის MAP-ი რომ მიენიჭებინათ ან ალიანსში მოეწვიათ”, – წერს Washington Post.
ამერიკული გამოცემა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზეც წერს და ანიშნავს, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაბლოკეს იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ განაცახდა, რომ საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს.