თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არასწორ ტერმინს იყენებს, როცა აცხადებს, რომ მერიაში ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს. მისი თქმით, სწორი ტერმინი ხარჯების ოპტიმიზაციაა. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ხარჯები უსასრულობამდე, მაგრამ ამას კოლაფსი მოჰყვება და არანაირი მუნიციპალური სერვისი აღარ განხორციელდება. ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ოპტიმიზაცია. სწორედ ეს იყო წინასაარჩევნოდ ჩვენი პრეზენტაციის ერთ-ერთი თემა.. ჩვენ არ ვფიქრობთ, რამდენი ადამიანით, ან რამდენი ლიტრი საწვავით შევამციროთ ხარჯები. ჩვენ გვინდა, რომ მუნიციპალიტეტში მმართველობის სისტემა დაინერგოს. შესაბამისად, იმუშავებს იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ სისტემას დასჭირდება, დაიხარჯება იმდენი ადმინისტრაციული რესურსი რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის – საწვავი იქნება ეს თუ ავტომობილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავრობა სრული შემადგენლობით დაამტკიცა.