თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის” ეთერში სახელფასო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
„რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა. ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას – პრემია. კანონით გათვალისწინებულია გარკვეული შემზღუდველი ნორმა ეს არის 10%, რომელიც წლის განმავლობაში დაწესებულების ხელმძღვანელმა შეიძლება გასცეს. პირადად მე თუ მეკითხებით პრემიასთან დაკავშირებით, თუ დავიმსახურებ პრემიას, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, უბრალოდ, ამაზე გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი მიიღებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ან რომელიმე თანამშრომლის მუშაობა იქნება ნაყოფიერი და დამსახურებული, ამაზე არც ერთი ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.