“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აფასებს.
როგორც კასრელიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამართალდამცველებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და კონკრეტულ შედეგზეც გავიდნენ. კასრელიშვილი თვლის, რომ გამოძიებაც სწორ გზაზე დგას.
„ვთვლით, რომ სპეცოპერაცია სწორად წარიმართა, სამართალდამცველებმა ფრთხილად იმოქმედეს. მოწინააღმდეგე დაიღალა და შესაძლებელი გახდა კონკრეტულ შედეგზე გასვლა. გამოძიებაც სწორ გზაზე დგას, ახლა ჩვენ გვინდა დოკუმენტური დადასტურება, ვინ არიან გარდაცვლილები. ალბათ, მივიღებთ ამ ინფორმაციას მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა კავშირები აქვთ მათ, საიდან შემოვიდნენ, ვინ შემოიყვანა და ა.შ.“,- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
კასრელიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეს არ წარმოადგენს, არ უნდა მოხდეს ყურადღების მოდუნება.
„საქართველოში დადგა პერიოდი, როდესაც დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც მისასალმებელია. აქამდე, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდოდით, შემდეგ მომხდარ ფაქტებზე ვახდენდით ემოციურ რეაგირებას. არსებობს საერთაშორისო ტერორისტული შავი სია. აღსანიშნავია, რომ ახმედ ჩატაევი აღნიშნულ სიაში სტამბოლის ტერაქტის შემდეგ შეიყვანეს. მეტსაც გეტყვით, უკრაინაში დაკავებული იყო და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ორგანიზაციებმა გაათავისუფლეს. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას კავკასიური ბაზა და მასში უნდა შეიყვანონ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და იღებენ ტერორისტულ მოქმედებებში. საუბარია არა მათ დაკავებაზე,არამედ მათ კონტროლზე, კონტაქტებზე და სხვა“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.