“თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კახა კალაძეს და პარტია ”ქართულ ოცნებას”, ამიტომ გაუგებარია ოპოზიციის მოსაზრებები, რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ მომავალ წელს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მოსაზრებების საპასუხოდ განაცხადა.
”მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კახი კალაძეს და პარტია ”ქართულ ოცნებას” იმ პროგრამით, რომელიც გვქონდა წარმოდგენილი. შესაბამისად, ბიუჯეტში, რომელიც გამოვითხოვეთ და დაწყებულია მუშაობა, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ის პროექტები, რომელიც გაჟღერებული გვქონდა წინასაარჩევნოდ. ეს არის ძალიან მასშტაბური, საინტერესო, კომპლექსური პროექტები, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი. გაუგებარია ოპოზიციის მოსაზრებები. სოციალური მიმართულებით ჰქონდათ კონკრეტული მოსაზრებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაპირებ კონკრეტული მიმართულებით მუშაობას, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იყო წარმოდგენილი და დედაქალაქის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ, რომელმაც თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.
კალაძის განცხადებით, მასშტაბური პროექტები მომავალ წელსაც გაგრძელდება ისეთი, როგორიც არის ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, სამი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში სულ 7 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ამჟამად, ხიდის ქუჩის, ათონელის ქუჩის ნაწილის და ვირსალაძის ქუჩების კომუნიკაციების სამუშაოები უკვე დასრულებულია. დაიგო ასფალტის საფარი და დასრულდა საგზაო მონიშვნები. დანარჩენ ნაწილში მუშაობა კვლავ გრძელდება და საბოლოოდ პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქუჩებზე გზა დღეს გაიხსნება. ვირსალაძის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ხიდის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით, მოსახლეობას დაუბრკოლებლად შეეძლება გადაადგილება.
პროექტი თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობდა და მისი ღირებულება ჯამში ცხრანახევარი მილიონი ლარია.
დეკემბრის ბოლოდან, ამავე ქუჩებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.