პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიულად უფრო სწორია თუ პრეზიდენტს არა საარჩევნო კოლეგია, არამედ პარლამენტი აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში რამდენიმე დამატებითი საკითხი დაისვა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აკადემიურ წრეებთან იყო განხილული, სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი იყო. რაც შეეხება ცვლილებების დამატებას, ბუნებრივია, ამაზე პარლამენტში პრინციპული პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. გუშინ მხოლოდ განხილვა შედგა და ელემენტარულ განხილვას აბსოლუტურად არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა, რაც არასწორია. განხილვა შედგება. გადასაწყვეტია, თუ რა ტიპის ცვლილებები შევა კონსტიტუციაში. როცა ეს საკითხი კომისიაში დაისვა, ეს მოდელი მარტივი მიზეზების გამო უარყოფითად შევაფასე. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ადმინისტრაციული დონის არჩევნებია. შესაბამისად, პრინციპულად მაინც და მაინც სწორი არ არის ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.