პარლამენტში დეპუტატებს ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დასვა.
სამადაშვილმა კომიტეტს შესთავაზა, რომ ასეთი კომისიის შექმნის საკითხზე ემსჯელათ და პარლამენტს გაერკვია, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი ციხიდან.
სალომე სამადაშვილის განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან კამათი მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის მოეკითხა, ვისაც თავად წარმოადგენს.
”პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს უკრაინიდან საქართველოში ახმედ ჩატაევი და რატომ გაათავისუფლეს ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 2010 წელს, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას”, – მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.
ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგას პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისიწინებისკენაც მოუწოდა და მიმართა, რომ თუკი რეგლამენტს არ დაიცავს, იძულებული იქნება სხდომა დაატოვებინოს.
ეკა ბესელია სამადაშვილს – მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს ახმედ ჩატაევი
2017/11/28 15:51:59
კომენტარები
ნანახია: 1263 ჯერ