„ჩემი ყოფილი რძლის მეგობარ მამაკაცს მეც ვიცნობდი და ჩემი ძმაც“ – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე მოწმე მალხაზ ქაფიაშვილმა განაცხადა, რომელიც გარდაცვლილის ძმაა.
როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე მოწმე მალხაზ ქაფიაშვილმა აღნიშნა, ომარ ქაფიაშვილი, ეჭვობდა, რომ მაგდა პაპიძეს სხვა მამაკაცი ჰყავდა და ამიტომ ბავშვის ნათლიას სთხოვა თუ შეძლებდა სადმე სატელეფონო ზარებისა და სმს-ების ამონაწერის გაკეთებას.
ქაფიაშვილმა მომხდარი ტრაგედიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძმისა და ძმიშვილის გარდაცვალების შესახებ მან თურქეთში ყოფნისას შეიტყო და საქართველოში მომხდარიდან სამ დღეში დაბრუნდა.
მისივე თქმით, მას ძმასთან კონტაქტი ბოლოს 19 დეკემბერს, 18:30 საათზე ჰქონდა, როდესაც ძმამ ინტერნეტში მიწერა, თუმცა როდესაც მან ომარს პასუხი დაუბრუნა, დაახლოებით 21:00 საათზე, მის მიერ გაგზავნილი სმს-ი ომარ ქაფიაშვილს არ მიუღია.
„20-ში საღამოს გავიგე მომხდარი. ინტერნეტში როდესაც შევედი, დამხვდა მონაწერი – ამ მესიჯს რომ წაიკითხავ, ჩემოდანი ჩაალაგე და სასწრაფოდ ჩამოდი, ომარი ავარიაში მოყვა, მძიმედაა და წამოდიო. თავიდან არ მითხრეს რა მოხდა, მოგვიანებით დაახლოებით 10 წუთში, როდესაც შევედი ისევ ინტერნეტში, ვნახე სტატია, რომ მაგდა პაპიძემ მოკლა ომარი და თორნიკე ქაფიაშვილი. საქართველოში 22 დეკემბერს ჩამოვედი. ჩემი ძმა და ძმისშვილი დახოცილები იყვნენ, ყოფილი რძალი კი დაჭერილი“, – განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.
ამასთანავე, მალხაზ ქაფიაშვილმა პროცესზე ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და სახლში მივიდა. მისი განმარტებთ, როდესაც სახლში შევიდა, ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედა და და გარკვეულ ნივთებს ეძებდნენ.
„დედამისი და ლანა ეძებდნენ, წიგნებს. მეც დავიწყე ამ წიგნების ძებნა. გარეთ იდგა კარადა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. გავხსენი და აღმოვაჩინეთ ”ცელოფანი”. ”ცელოფანი” რომ შევამოწმე, აღმოვაჩინე ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც მაგდას ეკუთვნოდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ რძალს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი. როდესაც გავიკითხე, მითხრეს მისი სახელი და გვარი. ის ადამიანი მეც მიცნობდა და ჩემს ძმასაც. რომ იძახის მაგდა, ომარი მიყვარდაო, თავიდანვე არ უყვარდა მას ომარი. რომ ყვარებოდა სხვა კაცთან არ დაიწყებდა სიარულს“, – განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.
ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა ჩვენება მისცა
2016/06/20 14:27:09
კომენტარები
ნანახია: 2633 ჯერ