მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.
როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.
ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა.