დედაქალაქი 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.
მერიის ინფორმაციით, დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე – გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ასეთია:
11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები (კრწანისის რაიონი)
12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი
12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“
12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი
12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი
15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი“
23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი
31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ახალი წლის ღამეს „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.