გაზეთ “ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოქალაქე ღია ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა, მოქალაქე ლერი შ-მ დანით დაჭრა მეორე მამაკაცი – გია ბ.
ორივე მოქალაქე გადაყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ ლერი შ. დააკავა.
20 ივლისს, ღამის საათებში დაკავებული პოლიციას გადაჰყავდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად. დაკავებული სწორედ ექსპერტიზის ბიუროს ეზოში მისვლის შემდეგ გადახტა გაჩერებული მანქანიდან და გაიქცა.
შს სამინისტროს განმარტებას ამ საკითხზე მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც უწყების პრესცენტრი მოგვაწვდის ინფორმაციას.