თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე წინასწარი გამოძიების გამომძიებელი პაატა ნოზაძე დაიკითხა, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. გამომძიებელს კითხვები ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა დაუსვეს.
მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ მათი ფანჯრის გისოსი დაზიანებული იყო და არ არის გამორიცხული, ფანჯრიდან ვინმე გადასულიყო. ბრალდებულმა გამომძიებელს, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, კითხვა დაუსვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში რატომ არ დააფიქსირა დაზიანებული გისოსი.
“როდესაც თორნიკე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში, მეც და ჩემი მეუღლეც ფანჯრიდან არაერთხელ გადავსულვართ. გისოსი იწეოდა, დაზიანებული იყო წლებია და ახლაც იქნება დაზიანებული”, – განაცხადა პაპიძემ.
გამომძიებლის განმარტებით კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გისოსზე დაზიანება არ შეუნიშნავთ. გამომძიებელ პაატა ნოზაძესთან ადვოკატებს შეკითხვა ჰქონდათ, თუკი ოთახში კედელზე სისხლის ლაქა იყო, რატომ ვერ ნახა დათვალიერებისას და რატომ აღმოაჩინეს თვენახევრის შემდეგ. ასევე, უროზე არსებული სისხლის ლაქის შესახებ ინფორმაცია რატომ არ შეიტანეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში.
გამომძიებლის განმარტებით, ნაგვის ურნაში აღმოჩენილი ნივთების ოქმში შეტანა დეტალურად არ მომხდარა, თუმცა მოხდა ყველა ნივთის დასურათება, ფოტოები კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი დოკუმენტებია და ოქმში აღრიცხვა აუცილებელი არ არის, ფოტოებში სისხლიანი ურო აშკარად ჩანს. რაც შეეხება კედელზე არსებულ ლაქებს, გამომძიებლის განცხადებით, შპალერი წითელი ფერის იყო და სისხლის ლაქები ვერ დაინახეს. “როდესაც სისხლი შრება, ფერს იცვლის და ამიტომაც დაინახეს პანაშვიდებზე მეზობლებმა”, – განაცხადა გამომძიებელმა და აღნიშნა, რომ ოთახში, მაგიდის ქვეშ ზოლად მოწმენდილი სისხლის კვალი ოქმში დააფიქსირეს.
მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე ოთახში გასაღების ასაღებად სისხლიანი ხელებით შევიდა და მაგიდის ქვეშ ერთი წვეთი სწორედ ამ დროს დაეწვეთა. პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, კი პაპიძემ ჩვენებაში სხვა ადგილი მიუთითა, საიდანაც გასაღები აიღო და დივნის წინ, მაგიდის ქვეშ მისი ხელიდან სისხლი ვერ მოხვდებოდა. პროცესი 22 ივნისს იმ ექსპერტ-კრიმინალისტების დაკითხვით გაგრძელდება, რომლებიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და მტკიცებულებების დალუქვაში მონაწილეობდნენ.
“როდესაც თორნიკე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში, მეც და ჩემი მეუღლეც ფანჯრიდან არაერთხელ გადავსულვართ”
2016/06/21 23:13:38
კომენტარები
ნანახია: 2365 ჯერ