ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.
„საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები. იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმის თანახმად, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.
მოგვიანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში.
დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე.