დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთხი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან – ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს მიმართა.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადების დღე, გამოცხადება წმინდა სამებისა. მამისა ხმა, ძე იორდანესა შინა და სული წმინდა სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მას ზედა და ეს წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც განწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა, რომელიც იხსნის ბოროტისაგან.ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს სახლში. ასხურეთ თქვენი სახლები, თქვენი შვილები, თქვენი კარ-მიდამო და სული წმინდა დაისადგურებს თქვენ ზედა“, – აღნიშნა ილია მეორემ.