საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებს „ოდესელების პროვოკაციად“ აფასებს. მისი თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.
„დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო ეს ფაქტი ეცნობებინა ჩვენთვის. ეს რომ პროვოკაცია იყო, ყველასთვის დღესავით არის ნათელი. ეს იყო პროვოკაცია და სხვას ვერაფერს დავარქმევმ ამ ფაქტს, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ემთხვევა თუ არა პროვოკაციასთან დაკავშირებით ე.წ.კანონიერი ქურდისა და მინისტრის პოზიციები, მღებრიშვილის თქმით, მისთვის უცნობია „კანონიერი ქურდი“ რას თვლის პროვოკაციად ან რა ინფორმაციას ფლობს.
„თუმცა ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“, – განაცხადა შს მინისტრმა.