“სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა. „სილქნეტის” ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL).
გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით.
„ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია“,- აცხადებენ „სილქნეტში“.
“სილქნეტი” Orange Alliance-ის წევრია, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარებასა და მათი სამუშაო ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს და მათ საშუალებას აძლევს მსოფლიო კლასის წამყვანი ოპერატორის გამოცდილებითა და ტექნოლოგიებით ისარგებლონ.
„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით. გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი”, – განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.