შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა – MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო.
კვირეული ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ბათუმის ვიცე-მერი და სხვა სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი კუთხე დაათვალიერეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლები ნახეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა დაინტერესებულ პირებს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე სახალისო შემეცნებითი ლექციები გაიმართება, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს შსს-ს სპორტული კლუბის – MIA Force იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.
კვირეულის ფარგლებში გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები ბავშვებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად.