ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” საუბრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. „100 წლის წინ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს. დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ტრანსატლანტიკური საზოგადოების პროდუქტიული წევრი ქვეყანა და დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი ზრდა გველის.
ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. ამერიკამ მხარი დაგვიჭირა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა – ჩვენი სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის წინაშე მდგარ ყველაზე რთულ პერიოდებში.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ-ი. ერთად ჩვენ შევქმენით ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „სტრატეგიული პარტნიორობა“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ჩვენ სრული სერიოზულობით ვეკიდებით სტრატეგიული პარტნიორობის არსს. იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ამერიკელ მეგობრებთან ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგიონის და ერთიანი და თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვა. იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთსა და იმავე ფაქტს და შემდეგ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ამ რეალობის მნიშვნელობის შესახებ, რათა შევიმუშაოთ სტრატეგიები საერთო მიზნების მისაღწევად. თითოეულ ჩვენგანს შემოაქვს ანალიტიკური ფილტრების წყება ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, სწორი სტრატეგიების შემუშავება საერთო მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი – ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს
2018/05/23 19:05:06

კომენტარები
ნანახია: 942 ჯერ