პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი დაირაზმა იმისთვის, რათა საპატრიარქოს განცხადება აგრესიულ თემად წარმოაჩინოს და “ამით ხდება ლუსტრაცია, თუ რა უნდათ მათ რეალურად”.
როგორც გია ვოლსკიმ განმარტა, რეალურად ოპონენტებს უნდათ, დაპირისპირებების გაღვივება და ხელისუფლების, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხარდამჭერად წარმოჩენა.
“ვფიქრობ, საპატრიარქოს განცხადებამ იმედები გაუცრუა ადამიანებს, ვინც დაპირისპირებების პროვოცირებას ცდილობს თუნდაც იმ გადაცემებით, იმ სიუჟეტებით, რომლებიც გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს და არა მარტო მართლმადიდებლებს – საერთოდ საზოგადოებას, თუმცა სიტყვის თავისუფლებას რასაკვირველია, საქართველოში არასდროს დაემუქრება რაიმე საფრთხე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
არანაირი კანონმდებლობის შეცვლაზე აქ საუბარი არ არის – სახელმწიფომ ყოველთვის უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს, ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და საპატრიარქოს წარმოჩენა როგორც აგრესიისაკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის სწორედაც ის ჩანაფიქრი, რასაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს პროვოკაციული სიუჟეტები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.