ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 22:00 საათამდე მივა. მისი თქმით, სარალიძესთან მანქანები უკვე გაგზავნა და მას საკუთარი სახლიდან მოიყვანენ.
კუპრავას ინფორმაციით, ზაზა სარალიძე 18:00 საათზე იმიტომ არ მივიდა რუსთაველის გამზირზე, რომ მეუღლე ჰყავდა შეუძლოდ. ზვიად კუპრავამ სარალიძესთან მისი კომუნიკაციის დასტურად მედიას sms მიმოწერაც აჩვენა და თქვა, რომ სარალიძე მათ თანამოაზრედ რჩება.
მანამდე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ სარალიძეს ბოლოს 18:15 საათზე ესაუბრნენ და ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ომბუდსმენმა თავის მხრივ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სარალიძესთან მუდმივ კონტაქტზეა და ის იქ იმყოფება, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
უცნობია რამდენად შეესაბამება სიმართლე კუპრავას ნათქვამს იმის შესახებ, რომ სარალიძე პარლამენტის წინ მივა.
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. აქციაზე როლანდ ახალაია და მურთაზ ზოდელავაც მივიდნენ.
პარალელურად პოლიტიკოსების გარეშე აქცია ვაკის პარკში მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ ესწრება.
იმედინიუსი