შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, ველომარათონი გაიმართა, რომელშიც ველომოყვარულებმა, ადგილობრივმა სპორტსმენებმა და ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შეუერთდნენ.
ღონისძიება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის – MIA Force მრბოლელმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, დათა ქაჯაიამ გახსნა. მან მარათონის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ველომარათონის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის პროგრამის ბრენდირებული მაისურები და კეპები მოირგეს. მათ სტარტი კვირეულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენის ტერიტორიიდან აიღეს და ველოსიპედებით 3-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და სპორტული კლუბის – MIA Force მიერ ორგანიზებული კვირეული ბათუმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.