განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ სკოლაში ორი კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მარიამ ჩიქობავას თქმით, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს.
“თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.
ასევე, ჩიქობავას თქმით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 1-ელი ან მე-3 და მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებით კლასკომპლექტები შეიქმნება. ის დასძენს, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში რამდენიმე საგანში, შესაძლოა, ორ კლასს ერთი გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს.
„კლასკომპლექტში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 10 მოსწავლე და შესაძლებელია გაერთიანდეს ორი კლასის მოსწავლეები. მაგალითად, 1-ელი და მე-3 ან მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთ კლასში. არ არის აუცილებელი, რომ ყველა საგანში ეს ბავშვები გაერთიანდნენ. მაგალითად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაძლებელია ასეთი კლასკომპლექტის შექმნა და აქ შესაძლებელია ორზე მეტი კლასის გაერთიანებაც კი. ან შესაძლოა, ხელოვნების გაკვეთილზე მოხდეს დაჯგუფება. ეს თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაგეგმავს და რას გააკეთებს. თუ კარგად მოხდება დარეგულირება, ვნახავთ, რომ უფროსკლასელები საკმაოდ კარგი მასწავლებლები არიან უმცროსკლასელებისთვის, კარგად არიან ჩართულები ამ სასწავლო პროცესში. რაც შეეხება მათემატიკის საგანს, აქაც კი შესაძლებელია 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ერთი გაკვეთილის ჩატარება, რადგან თავ-თავიანთი სასწავლო პროგრამით ჩაუტარდებათ მათ გაკვეთილი. მერწმუნეთ, ასეთ კლასკომპლექტში გაცილებით მეტ ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები, ვიდრე, 35-მოსწავლიან ჯგუფში“, – განაცხადა ჩიქობავამ.
“ინტერპრესნიუსი”