წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი „ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილების ოჯახს წერილით მიმართავს, სადაც ითხოვს, ყველა ზომა მიიღონ, მის გასათვისუფლებლად.
“მაია, ნიკა, დარსო. ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან, კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავაღწიო თავი რაც შეიძლება მალე – დღეს, ხვალ”.- ნათქვამია სალომე ჩარკვიანის წერილში.
პროკურატურა ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში ”ცენტრ პოინტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი თანხის – 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.
ამ დროისთვის, დაკავებულები არიან მხოლოდ ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი.
16:00 საათზე საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.