ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10 ოქტომბერს იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“2018 წლის 30 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, აშშ კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება 2018 წლის 24 ივლისს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ საავიაციო ბაზა „ბაგრამი“-ს ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მყისიერად მოხდა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირების მივლინების შეწყვეტა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 20 პირი, მოხდა ორივე მაღაზიაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება, განხორციელდა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, მაღაზიებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, მოწმეთა ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე ამოღებული იქნა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირთა მობილური ტელეფონები, ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
გამოძიება კვლავ გრძელდება.
ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან მტკივნეულად იქნა აღქმული. ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედება კი არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან.”– ნათქვამია ინფორმაციაში.