მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, Doing Business 2019 მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ამჟამად საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი შეფასების მქონე ქვეყანაა.
ამასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასეთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმარება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში სიღარიბის დამარცხების წინაპირობა იქნება.
“ასეთი წინსვლა ძალიან დიდ ნაბიჯს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და პრეტისჟულ საერთაშორისო რეიტინგებში.
რეიტინგების ყოველწლიურად გაუმჯობესება და საქართველოს დაწინაურება იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით უპირობო ლიდერად იქცევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონში. საქართველო უახლოეს წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში საუკეთესო ხუთეულში უნდა იყოს და დღევანდელი მონაცემიც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ მონაცემებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ მალე სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება სასამართლოში, ამ ნაბიჯით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონალურ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტს.
ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს, თუმცა ყველაზე მთავარი გახლავთ სიღარიბე. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი წარმატებები დაგვეხმარება საქართველო ეკონომიკურად გავაძლიეროთ, რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გავხადოთ, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Doing business-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი უკვე მეოთხედ მოხვდა.
Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.