“გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტოკანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ არის გიორგი აბდალაძე.
„ვინ არის გიორგი აბდალაძე?“ – მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აბდალაძის ვინაობა შეახსენა, ვაშაძემ აღნიშნა: „წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ ერთი ეს ადამიანი არასოდეს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და იყო შრომითი ხელშეკრულებით ჩვენთან. მან უნდა მიმართოს პროკურატურას, თუ რამე კითხვები აქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის საპასუხოდ.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის 2011 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ ფოტოგრაფების საქმეში არსებობდა მყარი მტკიცებულებები მათ დანაშაულზე, პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.
„ეს არასოდეს მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცველები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსნებეთ, რომ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ “იმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.
ასევე, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები – „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 2011 წელს.
გრიგოლ ვაშაძე – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე
2018/11/01 13:44:36
კომენტარები
ნანახია: 2367 ჯერ