უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესმა ბევრი საინტერესო კონტური გამოკვეთა. მისივე თქმით, მმართველი გუნდის ქმედება უფრო მეტად უნდა იყოს საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე და მათ ოჯახებზე ორიენტირებული.
„ვფიქრობ, ძალიან ჯანსაღი პროცესია. ეს ჯანსაღი პროცესი დაგვანახებს გზას, საით უნდა წავიდეთ. ძალიან ბევრი საინტერესო კონტური გამოიკვეთა. ორი ძირითადი მიმართულებაა: ერთი – საარჩევნო კამპანიაში გარკვეული კორექტირებები უნდა მოხდეს და ამის ორგანიზაციული-სტრატეგიული-ტაქტიკური ხედვები უნდა შეიცვალოს, მეორე – ზოგადად, „ქართული ოცნების“ კომუნიკაცია და ურთიერთობა საზოგადოებასთან, ჩვენი პოლიტიკის მეტად დაკავშირება საზოგადოების სიკეთეებთან, ეს არის პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა.
გარკვეული რეიტინგები, ციფრები, რომელიც მართლა წარმატების მაჩვენებელია, ხშირ შემთხვევაში, არ აისახება კონკრეტულ ადამიანებზე. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მოქმედება უფრო მეტად უნდა იყოს საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე, ოჯახებზე ორიენტირებული. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ვინმეს ბრალია წარუმატებლობა. მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის დამარცხება, ეს არის შედეგი, რომელსაც არ ველოდით. ეს არის მოცემულობა. მეორე – არის თუ არა ვინმეს ბრალი, ყველას ბრალია და ყველამ უნდა გავაანალიზოთ ჩვენ ჩვენი მხრიდან, რა შეცდომები და ხარვეზები იყო დაშვებული“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილი – ჩვენი მოქმედება უფრო მეტად უნდა იყოს საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე, ოჯახებზე ორიენტირებული
2018/11/01 15:03:26
კომენტარები
ნანახია: 1145 ჯერ