რა დაგემართათ, ნუთუ დაგავიწყდათ 2012 წელს რა ქნა ზუსტად ამ გრიგოლ ვაშაძემ?! არ გახსოვთ, რომ ზუსტად გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის დროს, მისი ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე ათასობით არალეგალ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად მოსთხოვეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალური საცხოვრებელი ადგილის ცნობა?! – ამ კითხვით მიმართავს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს.
გიორგი ოკრიბელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს მოუწოდებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ – “არა ძალადობას და არა დიქტატურას”.
გიორგი ოკრიბელაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ყველამ კარგად დაინახეთ, რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ვიყავი ჩუმად და არ ვცდილობდი ვინმესთვის ჩემი შეხედულება მომეხვია თავს. მინდოდა ყველა ჩემს მეგობარს მიეღო ის გადაწყვეტილება ამ არჩევნებში, რასაც გული ეტყოდა. მაგრა დღეს სიჩუმე ისეთივე დანაშაულია, როგორც სიჩუმე იყო დანაშაული 2012 წელს. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ 2012-ში ჩვენ ერთად დავდექით არა ერთი კაცის გვერდში, არამედ მასთან საერთო ჩვენი ღირებულებების გვერდით. ეს იყო:
• არა ძალადობას;
• არა დიქტატურას;
• არა ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობას;
• არა სიდუხჭირეს;
• არა დავიწყებულ მოქალაქეებს;
ეს ყველაფერი დღესაც აქტუალურია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მაშინ ყველა ერთად შევცდით და ნაციონალური მოძრაობა იმ “არას” არ იმსახურებდა. ვერც იმაში დამარწმუნებთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების უამრავი შეცდომისა, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი დღეს იმსახურებს, რომ მოხდეს მათი უკან დაბრუნება და მათთვის შანსის მიცემა. დიახ, “ქართულმა ოცნებამ” ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან ბევრ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა (განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის საკითხში), ძალიან ბევრი გულანთებული მეგობარი გარიყა, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა?
ახლა მივმართავ ემიგრანტებს, განსაკუთრებით, საბერძნეთის დიასპორას… რა დაგემართათ, ნუთუ დაგავიწყდათ 2012-ში რა ქნა ზუსტად ამ გრიგოლ ვაშაძემ, 28 ოქტომბერს რომ სიებში არ ყოფნას სამართლიანად აპროტესტებდით, არ გახსოვთ, რომ ზუსტად ბ-ნ გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის დროს მისი ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე ათასობით არალეგალ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად მოსთხოვეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალური საცხოვრებელი ადგილის ცნობა?! შემთხვევით, ისიც ხო არ გავიწყდებათ, რომ სწორედ გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა ემიგრანტებისთვის ავადსახსენებელ რეადმისიის ხელშეკრულებას ხელი?!
ჩემო კარგებო, თქვენ შეგიძლიათ გაბრაზდეთ სალომე ზურაბიშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე და კიდევ ათას სხვაზე, მაგრამ სამშობლომ რა დაგიშავათ? ძალიან ცუდი, რომ მხოლოდ ეს არჩევანი გვაქვს…. ალბათ ცოტა ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავით, უკეთესი არჩევანი გვექნებოდა.
მეორე ტური უნდა გახდეს წარსულის დასამარების დღე და მომავალს უნდა მივხედოთ იმავე საღამოდან….
დანარჩენს მეორე ტურის შემდეგ გეტყვით”, – წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ №158 ბრძანებულება გამოსცა, რის შედეგადაც 2011 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. https://matsne.gov.ge/ka/document/view/
ცვლილება – საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცებას გულისხმობდა.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული ბრძანების ხელშეწყობით, უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეზღუდათ.