„არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს და მათი სოციალური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუნდაძე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვან პროექტს ოპოზიცია მოსახლეობას ნეგატივის სახით აწვდის, რეალურად კი „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებაა.
„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების მიერ შეფასებულ და საზოგადოებისათვის ნეგატივის სახით მიწოდებულ იმ მნიშვნელოვან პროექტს, რაც სოციალურად დაუცველთა, ბავშვიანი ოჯახების დახმარების გაზრდას ეხება, თითქოს ეს არის საარჩევნო და მეორე ტურისთვის მოგონილი რაიმე შეთავაზება. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ეს არაერთი პროექტით დავამტკიცეთ. მაგალითად: ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, მთის კანონი. მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახების დახმარების და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი გზავნილები იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით პარლამენტში წარსდგა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური არასასურველი შედეგით დასრულდა, მმართველმა პარტიამ შეიმუშავა ახალი სტრატეგია – მეტი ეფექტურობა და საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა.