საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას ეხმაურება.
„მედიიდან შევიტყვე, რომ ოქრუაშვილი თავის გუნდს – ნაცმოძრაობას დაუბრუნდა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია, რა პოლიტიკური „მორალი“ აერთიანებთ ჩვენს ოპონენტებს. კახელ გლეხებს ვპირდები, რომ მათ დაიცავს საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ უდგას მმართველობის სათავეში. ეს არის განსხვავება, რომელიც ასევე ადეკვატურად აისახება არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2006 წელს კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანნელობდა კახელებს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში მათ დაპატიმრებით დაემუქრა და განაცხადა: “მოსახლეობას ავუხსენით, რომ შანტაჟის ენით საუბარს ვერ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, აწყობთ თუ არა გლეხებს, მეწარმეების მიერ შეთავაზებული ფასები. ვაცხადებ, თუ ვიღაცეებს უნდათ გზების გადაკეტვა, მიტინგების მოწყობა და განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს, რომ ყურძენი ვენახებში ულპებათ და ა.შ, კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ იქნება ადეკვატური ზომები. დადგნენ, თორემ ორი წლის მოსავლის ფული თბილისში, ციხეში „პერედაჩების“ ტარებაში არ ეყოფათ. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია“,- განაცხადა 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრის ამსახველი კადრები დღეს გავრცელდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის და ეუბნება: „როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და ახლაც შევძლებ, დავივიწყო“.