პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რასაც მისი თქმით გამარჯვების შემდეგ მოქალაქეებს ეტაპობრივად შესთავაზებს.
„აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს სისტემა არაფერს დაბადებს გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ და ეროვნულ ტრადიციებსა და დასავლურ ფასეულობებზე დავაფუძნოთ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. აუცილებლად მივაღწევთ, რომ დაიწყოს იმ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, იმ ნაბიჯების გადადგმის მომზადება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან დემოკრატიას ჩაუყრის სათავეს.
პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია და მთავრობაშია, არ იმსახურებს იქ ყოფნას. საჭიროა ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს ოპოზიციიდან მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ოპოზიცია არის ხელისუფლების წარმომადგენელი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.