ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა, ვინაიდან სხდომას პარტიის სხვა წარმომადგენელიც ესწრებოდა.
თამარ ჟვანიას აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თინათინ ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ არსებული რეგლამენტით დაუშვებელია სხდომას ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს. თუმცა, თინათინ ბოკუჩავას განუმარტა, რომ მას მოგვიანებით სხდომაზე შესვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცემა.
რაც შეეხება სხდომას, რომელიც 19.00 საათზე დაიწყო, კომისიის რამდენიმე წევრი მოითხოვს, რომ სხდომა გადაიდოს და 17 ნოემბერს ჩატარდეს, ასევე, მათ დააყენეს მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ ან 2 დეკემბერს გაიმართოს, ვინაიდან აღნიშნული დღეები არასამუშაოა, რაც ერთი მხრივ სტუდენტებს, ასევე, სხვადასხვა ქალაქში დასაქმებულ ადამიანებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. კომისიის წევრთა ნაწილის განცხადებით, არასამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანებისთვისაც.