აშშ-ში მყოფი ისლამის მქადაგებელი, ფეთჰულაჰ გიულენი აცხადებს, რომ მას თურქეთში ექსტრადირების არ ეშინია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გიულენს 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს. გიულენი ამბობს, რომ ის მზად არის იმისთვის, რომ შესაძლოა, აშშ-დან თურქეთში მისი ექსტრადირება მოხდეს, ამასთანავე, შეიარაღებულ ამბოხებასთან საკუთარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
„მე არასოდეს ვუჭერდი მხარს სამხედრო გადატრიალებებს და ამით რაიმე მიზნის მიღწევას. ეს არ არის დადებითი ნაბიჯი, ასეთი გზით დემოკრატიას ვერ მიაღწევთ“, – აცხადებს გიულენი.
მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საერთაშორისო ჯგუფი უნდა შექმნას და სამხედრო ამბოხების ყველა გარემოება დაადგინოს. გიულენი ასევე აცხადებს, რომ თურქეთში დღეს შექმნილი ვითარება პრეზიდენტ ერდოღანს „ხელებს უხსნის“.
„აქამდე ის ხალხს ციხეებში სვამდა და მათ ქონებას ითვისებდა. ახლა ეს უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს“, – აცხადებს გიულენი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს საღამოს შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა მოხდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 290 ადამიანები ემსხვერპლა და 2 ათასამდე დაიჭრა.