ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
The New York Times-მა აშშ-ის, სულ მცირე, 17 დაზიანებული ობიექტი და სხვა დანადგარი დააფიქსირა, რომელთაგან ზოგიერთი ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე.
„ჩვენი ანალიზი ეყრდნობა მაღალი რეზოლუციის კომერციულ თანამგზავრულ ფოტოებს, გადამოწმებულ ვიდეოებს სოციალური ქსელებიდან, ასევე ამერიკელი ოფიციალური პირებისა და ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებებს“, – წერს გამოცემა The New York Times-ი.
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, საპასუხო დარტყმების ინტენსივობამ აჩვენა, რომ ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა.
ირანმა ათასობით რაკეტა და დრონი გაისროლა რეგიონის მასშტაბით როგორც აშშ-ის, ასევე მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ობიექტების მიმართულებით.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მათი უმეტესობა გაანეიტრალეს, თუმცა, სულ მცირე, 11 ამერიკული სამხედრო ბაზა ან დანადგარი დაზიანდა, რაც რეგიონში არსებული ყველა მსგავსი ობიექტის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ღირებულების შეფასება რთულია. კონგრესის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პენტაგონის შეფასებით, რომელიც კონგრესს გასულ კვირას წარედგინა, მხოლოდ 28 თებერვალს ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულმა ერთმა იერიშმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.
ირანის თავდასხმების ტემპი ომის პირველ დღეებთან შედარებით შენელდა, თუმცა დარტყმები მაინც გრძელდება. ალ-უდეიდის, ალი ალ-სალემისა და ალ-დაფრას ავიაბაზები, ბანაკი ბიურინგი და სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა – ყველა მათგანი ერთზე მეტჯერ გახდა თავდასხმის სამიზნე.
ინფრასტრუქტურის მხრივ ამერიკის ყველაზე დიდ დანაკარგებს შორის არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს იცავს.
ირანი სისტემატურად ახორციელებდა დარტყმებს რადარებისა და საკომუნიკაციო სისტემების მიმართულებით, მათ შორის THAAD-ის სისტემის კომპონენტებზე. აღნიშნული სისტემა რადარს იყენებს მთელ რეგიონში შემავალი საჰაერო საფრთხეების თვალთვალისა და განეიტრალებისთვის.
ირანმა ასევე მიიტანა იერიშები აშშ-ის არასამხედრო ობიექტებზე, მათ შორის დუბაის საკონსულოზე, ქუვეითსა და საუდის არაბეთში მდებარე საელჩოებზე, რამაც მათი დროებითი დახურვა გამოიწვია. ამ თავდასხმების შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
