ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 10-ზე მეტი საკითხი განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ოსი ძალოვნების მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საქმეს დაეთმო.
ქართულმა მხარემ ასევე გააპროტესტა ე.წ. საზღვრის უკანონოდ მონიშვნის სამუშაოები.
“დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ე.წ.საზღვრის უკანონოდ მოწყობის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 8 ივნისს დაკავებულ გიორგი გიუნაშვილის საკითხს.
საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მიღებული ინფორმაციით, თავდაპირველად გიუნაშვილი დაკავებული იქნა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. თუმცა მოგვიანებით, დე ფაქტო პროკურატურის მიერ აღძრული იქნა საქმე კონკრეტული პირის სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე. აღნიშნული ბრალდება კი არის აბსურდული და შეთითხნილი”, – განაცხადა დავით კობახიძემ.
ოსური მხარის განცხადებით, გიუნაშვილი სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დამნაშავედ ცნო და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დავით სანაკოევის განცხადებით, მას ასევე ედავებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ახალგორის რაიონში, რამდენიმე თვის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის ექსპერტიზის ქართული მხარისათვის სრულად გადმოცემის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ათზე მეტი საკითხი განიხილეს
2016/07/19 19:23:41
კომენტარები
ნანახია: 1470 ჯერ