ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
“ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა. შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები. ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ SGS-მა შეხვედრის განმავლობაში წარმოადგინა მოკლე მოხსენება, მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ახლად დაარსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,”- წერია განცხადებაში.
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი საბაჟო დერეფნების პრაქტიკულ ამოქმედებაზე 2017 წლის 8 თებერვალს პრაღაში შეხვედრისას შეთანხმდნენ. სავაჭრო დერეფნებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია SGS-ი გაუწევს მონიტორინგს.