სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებსა და მედიის წარმომადგენლებს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში უმასპინძლა.
დაწესებულებაში ვიზიტის მიზანი დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებისათვის 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული მასშტაბური რეფორმებისა და სიახლეების ადგილზე გაცნობა იყო. მინისტრი დიპლომატებს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა ისიც, თუ რა ხელშესახებ შედეგებს მიაღწია საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა მიმართულებებთან ერთად, პენიტენციისა და პრობაციის სისტემის განვითარებაში.
კახა კახიშვილმა სტუმრებს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და სასწავლო ბლოკები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ასევე, გრძელვადიანი პაემნების ოთახები და სპორტული დარბაზი დაათვალიერებინა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორც ციხის მართვის და რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, აღარ გამოიყენება. რეფორმის შედეგად საგრძნობლად შემცირდა პატიმართა საერთო რაოდენობა, რაც ამნისტიასა და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გააქტიურების შედეგია.
მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. ასევე, საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პენიტენციურ ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სწორედ, ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შედეგად ციხეში მოქმედებს C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამები და განკურნების
მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. გარდა ამისა, რადიკალურად შემცირებულია პატიმართა გარდაცვალების ფაქტები.
კახა კახიშვილმა სტუმრებს დაწესებულებაში არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა დაწესებულებაში არსებულ კულინარიის პროფესიული მომზადების პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელის მიზანიც მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა.
„ვმასპინძლობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დელეგაციას, ამბასადორიალ 2016-ის ფარგლებში მონაწილე საქართველოს დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს. იმდენად დიდი რეფორმა გატარდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლიდან, რომ ჩვენმა ელჩებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ. იყო დრო როდესაც რაღაცას ჩვენ ვსწავალობდით, ახლა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს. თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დასკვნებში ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილას ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში სტანდარტების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ჯერ კიდევ გვაქვს დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელსაც სჭირდება ფინანსური დახმარება და ამისთვის 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებმა ყოველივე საკუთარი თვალით ნახონ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პენიტენციური დაწესებულებების დათვალიერება „ამბასადორიალ 2016“-ის ფარგლებში 27 ივლისს გამართულ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შესთავაზა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე უწყების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგები გააცნო.