წინა ხელისუფლების დრო მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი 20-21 ივნისს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
“სისხლიანი რეჟიმის წარმომადგნელებს, სანდრა რულოვსიდან დაწყებული, ვაშაძით დამთავრებული, მოკლე მეხსიერება აქვთ და თურმე, აღარ ახსოვთ, ვის წარმოადგენენ და რა დღეში ამყოფებდნენ ხალხს. ყველა დარბევაზე ვარ ნამყოფი იმ ავბედით წლებში, 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული. მათი განსაკუთრებული სისასტიკე ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს ამოვა და ვისურვებ, რომ არასოდეს განმეორდეს ეს ჩვენს ქვეყანაში.
პატრიოტული გრძნობებით ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილეთ სულ სხვა სურათი. მათ ამოეფარნენ „ნაციონალები“ და ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი წადილი აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლება დაამხონ, გადაატრიალონ და მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში. მათ ეს ხალხი შეატოვეს სპეცრაზმს, პოლიციასაც და თვითონ სადღაც გაქრნენ. ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ გადატრიალებაზე, ისინი ედგნენ სათავეში იმ არეულობას, რომელსაც იქ ვხედავდით.
ჩვენ მთელი ცხრა წელი ვიდექით ქუჩაში და მართლაც ფოთოლი არ ჩამოვარდნილა იმ მიტინგებზე, როცა ჩვენ ვაპროტესტებდით საშინელ სისხლიან რეჟიმს და ახლა იგივეს ვერ ვიტყოდი. ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია, არ მინახავს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნამდვილად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ითქვა კიდევაც, რომ რაღაც ნარკოტიკები იქნა დარიგებული. როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა.
სპეცრაზმის გამოყვანა საჭირო იმიტომ გახდა, რომ მიდიოდა მოწოდება გადატრიალებაზე, პარლამენტში შეჭრაზე, რაც აუცილებლად უნდა აღკვეთილიყო. ჩემი პირადი მოთხოვნაა და არამარტო ჩემი, რომ დროულად გამოიძიონ იმ პიროვნებების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ გადატრიალებას და რომლებსაც უნდოდათ პარლამენტში შეჭრა. თუ ეს არ მოხდება დროულად, გავალთ უკვე ქუჩაში“,– განაცხადა მეტრეველმა.